მთავარი » 2011 » მაისი » 26 » გულწრფელობა ურთიერთობაში
13:58
გულწრფელობა ურთიერთობაში



სიყვარულში ხანგრძლივი ბედნიერება მხოლოდ სრული გულწრფელობის გამჭვირვალე ატმოსფეროშია შესაძლებელი, რომლის მიღწევამდე სიყვარული გამოცდად რჩება: ცხოვრობ მოლოდინში, ამბორსაც და სიტყვებსაც მხოლოდ დროებითი ხასიათი აქვს. მაგრამ ასეთი გულწრფელობა მხოლოდ მაღალი და გამოცდილი შეგნების ადამიანებს შორისაა შესაძლებელი. ამ ფაქტორის გაცნობიერებაც არ კმარა. ორს შორის გულწრფელობა ბუნებრივი და აუცილებელი უნდა გახდეს, ცნობიერება - თითქმის ერთნაირი, ერთი მოცულობის, ერთი ხარისხის, და სიყვარული, რომელიც მათ აერთიანებს - ღრმა. ამიტომ ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება ისე გადის, რომ სულს, რომელთანაც გულწრფელი იქნებოდა, ვერ პოულობს.

თუმცა სხვებთან გულწრფელი ვერ იქნები, თუ საკუთარ თავთან გულწრფელობას არ ისწავლი. ეს გულწრფელობა სხვა არაფერია, თუ არა შეგნება და ანალიზი, რომლებიც ცხოვრების ყველა ასპექტში მოქმედების ინსტიქტური მოტივი ხდება. მხოლოდ ასეთი შეგნებით შეიძლება წარდგე იმის წინაშე, ვისთანაც გულწრფელობის ბედნიერებას ეძებ.
ამგვარად გაგებული გულწრფელობის მიზანი ზნეობრივი სრულყოფილება არ არის. მას სხვა მიზნისკენ მივყავართ, უფრო მაღლისკენაც კი, ყოველ შემთხვევაში, ადამიანურისა და ნაყოფიერისკენ.
ხასიათის სრულყოფილება, როგორც ის ჩვეულებრივ ესმით, ძალიან ხშირად მხოლოდ უნაყოფო თავშეკავებაა, სულიერი წონასწორობის მსგავსი, ინსტინქტური ცხოვრების აღკვეთა, რომელიც თავის მხრივ ცხოვრების სხვა სახეების (რომლის ორგანიზებაც კი შეგიძლიათ) ერთადერთი წყაროა. ეს სრულყოფილება მიილტვის იმისკენ, რომ საკუთარ თავში მოთოკოს და ჩაახშოს ერთობ მგზნებარე სურვილები, თავმოყვარეობა, სიამაყე, ამპარტავნება, ეგოიზმი, სიამოვნებათა წყურვილი, ერთი სიტყვით - ყველა ადამიანური ვნება, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენი პირველადი ცხოვრებისეული ძალაა, ცხოვრების ენერგიის საძირკველია და არაფრით ჩაინაცვლება. თუკი ჩვენ საკუთარ თავში სიცოცხლის ყველა გამოვლინებას ჩავახშობთ იმისთვის, რომ მის ადგილას მათივე დამარცხების ჭვრეტა დავაყენოთ, ძალიან მალე საჭვრეტად აღარაფერი დაგვრჩება.
საქმე ის კი არაა, ვნებებისგან, ნაკლისა და ხინჯისგან გათავისუფლდე, ამოძირკვო (ეს შეუძლებელია, სანამ ადამიანი ადამიანებს შორის ცხოვრობს). საქმე ისაა, რომ მთელი წვრილმანებითა და საიდუმლოებებით შეიცნო ის ვნებები, რომლებსაც ფლობ; მიზანი ისაა, რომ ეს ვნებები და ხინჯები ისეთი სიმაღლიდან დაინახო, რომლიდანაც ისე შეხედავ, რომ არ შეგეშინდება, ფეხს მომკვეთს ან ჩემი და გარშემომყოფების საზიანოდ კონტროლს დაუსხლტებაო.
საკუთარი თავის მიმართ საკმარის გულწრფელობას თუ მივაღწევთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირველ შემხვედრს უნდა გავუზიაროთ. ყველაზე გულწრფელ ადამიანსაც აქვს უფლება, სხვა ადამიანებისგან თავისი განცდებისა და აზრების დიდი წილი დაფაროს. თუკი დარწმუნებული არა ხართ, რომ თქვენ მიერ ნათქვამ სიმართლეს გაიგებენ, სჯობს გაჩუმდეთ. სხვა ადამიანებში არეკლილი ეს სიმართლე სულაც აღარ მოგეჩვენებათ იმად, რაც ჩვენში იყო და მიიღებს რა ტყუილის სახეს მათ თვალებში, ისეთსავე ბოროტებას მიაყენებს, როგორც ნამდვილი ტყუილი. რაც უნდა თქვან აბსოლუტურმა მორალისტებმა, როცა შენგან განსხვავებული შეგნების ადამიანებს შორის იმყოფები, ნებისმიერი სიმართლე იმისთვის, რომ სიმართლის შთაბეჭდილება დატოვოს, მოხერხებულ გამოხატვას, გარემოსადმი მისადაგებას ითხოვს. სათქმელი განსხვავებულად უნდა ითქვას მეთევზესთან და განსხვავებულად ფილოსოფოსთან. გულწრფელობის სამეფო კი იქ იწყება, სადაც ეს მისადაგება უკვე საჭირო აღარ არის. მაშინ შევდივართ ნდობისა და სიყვარულის პრივილეგირებულ სფეროში. ეს მომხიბვლელი სანაპიროა, სადაც შიშველი დადიხარ და მადლიანი მზის ქვეშ სხვებთან ერთად ბანაობ. მანამდე სიფრთხილით ცხოვრობ, როგორც დამნაშავე; აქამდე არ იცი, რომ თითოულ ადამიანს აქვს უფლება, ისეთი იყოს, როგორიც არის; რომ მის აზრსა და გულში, ისევე როგორც მის სხეულში, არ არსებობს ნაწილი, რომლისაც უნდა შერცხვეს. გულზე მოგეშვება და მიხვდები, რას განიცდის ბრალდებული, რომელიც უდანაშაულოდ ცნეს; აცნობიერებ, რომ ის ნაწილი, რომლის დამალვასაც აუცილებლად თვლიდი, კიდევ უფრო ღრმა სასიცოცხლო ძალის არსია. ახლა უკვე აღარ ვართ მარტო ჩვენი ცნობიერების საიდუმლოებებთან და მასში აღმოჩენილი ყველაზე საცოდავი, დაფარული კუნჭულიც კი, არათუ არ გვამწუხრებს, როგორც ადრე, არამედ, გვაიძულებს, უფრო შევიყვაროთ ის მდგრადი და რბილი შუქი, რომელიც მისკენაა მიმართული.
ბოროტება, ბრაზი, მეწვრილმანეობა, უსუსურობა, რომელსაც ჩვენ ასე აღმოვაჩენთ საკუთარ თავში, ბუნებას მაშინვე იცვლის, როგორც კი ისინი გახსნილია: ”და ყველაზე დიდი ღალატი” - როგორც ეწრთი დრამის გმირი ამბობს, - თუკი მას აღიარებ გულწრფელი კოცნისას, უფრო მშვენიერ ჭეშმარიტებად იქცევა, ვიდრე უმანკოებაა". "უფრო მშვენიერის" რა ვთქვა, მაგრამ უფრო ნორჩი, უფრო სასიცოცხლო, უდრო ხილული, უფრო აქტიური და სიყვარულით სავსე კი ხდება. ასეთ მდგომარეობაში არც კი ვფიქრებთ, დავმალოთ ვულგარული ან საზიზღარი აზრი ან ულამაზო გრძნობა. მათ გამო აღარ ვწითლდებით, იმიტომ რომ მათ განვსჯით, ვიშორებთ საკუთარი თავისგან, ვამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენი უკვე აღარ არის, არ მონაწილეობენ ჩვენს ცხოვრებაში, რომ აღარ იბადებიან ჩვენი მოღვაწეობითი, ნებელობითი თუ პიროვნული ძალებიდან. და რომ ისინი პირველყოფილ, უფორმო, დამონებულ, ჩვენთვის სახალისო სუბიექტს ეკუთვნის; ისეთს, რომელშიც ბუნების ინსტინქტური ძალების თამაშს ვიჭერთ.
თუმცა, სულაც არაა აუცილებელი გათავისუფლება იმ ნაკლოვანებებისგან, რომელიც ვაღიარეთ, რადგან არსებობს ისეთი ვნებები, ჩვენი არსებობისა და ხასიათისთვის აუცილებელი რომაა. ზოგი ნაკლი ჩვენი ღირსების ფესვიცაა. და ეს ნაკლოვანებები ქიმიურად აჩერებს შხამს, რომელიც გულის სიღრმეებში უმნიშვნელო მარილად, უწყინარ კრისტალებად გადაიქცევა. მათი შესწავლა კი დასვენების დროს შეგიყოლიებს.
აღიარების გამწმენდი ძალა იმ სულის ხარისხზეა დამოკიდებული, რომელიც ამას აკეთებს და იმაზე, რომელიც მას იღებს. დამყარებული წონასწორობის პირობებში ყველა აღიარება ზრდის ბედნიერებისა და სიყვარულის დონეს. აღიარებისთანავე ძველი ან ახალი ტყუილი და დიდი სისუსტე სულის მოულოდნელ სამშვენისად იქცევა, რომელიც პარკში დადგმულ ქანდაკებებს ჰგავს და დღის სინათლის მომღიმარი მოწმე და მშვიდობიანი დასტურია.
ყველანი ვცდილობთ ასეთი ბედნიერი გულწრფელობის მიღწევას, მაგრამ დიდხანს ვუფრთხით იმას, რომ მათ, ვისაც ვუყვარვართ, აღარ ვეყვარებით, თუკი იმას გავუმხელთ, რაშიც ძლივს ვუტყუდებით საკუთარ თავს. გვეჩვენება, რომ აღიარება სამუდამოდ დაამახინჯებს იმ წარმოდგენას, რომელიც მათ ჩვენს შესახებ შექმნეს. თუმცა, თუკი გამოსახულება დამახინჯდა, ეს მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ იქ, იმ პლანზე არ ვუყვარვართ, სადაც ჩვენ თავად გვიყვარს.
თუკი ის, ვინც ჩვენს აღიარებას მიიღებს, იქამდე ვერ ამაღლდება, რომ ამავე აღიარებისთვის კიდევ უფრო მეტად შევუყვარდეთ, მაშინ ჩვენი სიყვარული გაუგებრობაზე ყოფილა დამყარებული. ის კი არ უნდა გაწითლდეს, ვინც აღიარა, არამედ ის, ვინც ამ აღიარებას იღებს და ვერ ხვდება, რომ მხოლოდ იმითაც, რომ ცუდი საქციელი გავუმხილეთ, ჩვენ ეს საქციელი დავჯაბნეთ, გადავადგეთ ჩვენი არსებიდან, ახლა მხოლოდ შემთხვევითი მოწმეები ვართ, სწორედ იმდენად პასუხისმგებელნი მის გამო, რამდენადაც კეთილი ნიადაგია პასუხისმგებელი იმაზე, რომ მასზე სარეველა ბალახი ამოვიდა, ან სარკე – რომელსაც მახინჯი გამოსახულება შეეხო.
ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ეს აბსოლუტური გულწრფელობა, ერთმანეთის მოსიყვარულე არსებების გამჭვირვალე ცხოვრება გაანადგურებს ჩრდილისა და იდუმალების იმ ფონს, რომელიც ყველა ხანგრძლივი კავშირის ფსკერზეა; ან ის, რომ მას შეუძლია დააშროს დიდი უხილავი ტბა, რომელიც ნებისმიერი სიყვარულის მწვერვალზე ერთმანეთის შეცნობის სურვილს კვებავს. სურვილს, რომელიც თავისდათავად სხვა არაფერია, თუ არა ერთმანეთის უფრო ძლიერ შეყვარების ყველაზე ვნებიანი წყურვილი. არა, ეს ფონი რაღაც დროებითი მოძრავი დეკორაციის მსგავსია მხოლოდ, რომელიც საკმარისია, რათა ჩვეულებრივ სიყვარულს უსასრულო სივრცის ულუზია შესძინოს. მოაშორეთ ეს ილუზია, და მის მიღმა ბოლოს და ბოლოს ნამდვილი ჰორიზონტი გამოჩნდება, ნამდვილი ცითა და ზღვით. რაც შეეხება დიდ უხილავ ტბას, მალევე ვრწმუნდებით, რომ ამ ტბიდან აქამდე მხოლოდ რამდენიმე ამღვრეულ წვეთს თუ ვიღებდით და რომ თავის მაცოცხლებელ ნაკადულებს ის მხოლოდ გულწრფელობის წამს გამოაჩენს. რატომ? იმიტომ, რომ ორის სიმართლე გაცილებით ნაყოფიერი, ღრმა და ამოუწურავია, ვიდრე გარეგნული პოზები, მდუმარება და სიცრუე.

და ბოლოს, ნუ შეგვეშინდება იმის, რომ შეიძლება ამოვწუროთ ჩვენი გულწრფელობა და ნუ წარმოვიდგენთ, რომ მის უკანსკნელ ზღვრამდე მისვლას შევძლებთ... მაშინაც კი, როცა გვსურს, ის აბსოლუტური იყოს და ასეთად ვთვლით, ის მაინც შედარებითი რჩება, რადგან მისი აღმოჩენა მხოლოდ ჩვენი ცნობიერების საზღვრებშია შესაძლებელი. ეს საზღვრები კი ადგილს ყოველდღიურად იცვლიან. ამგვარად, საქციელს ან აზრს, რომელიც ისეთ შუქზეა წარმოდგენილი, როგორშიც ჩვენ მათ აღიარების მომანტში ვხედავთ, შეიძლება სხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ, და არა ის, რომელსაც ჩვენ მას დღეს მივაწერთ. ასევე ქცევა, აზრი ან გრძნობა, რომელსაც არ ვაღიარებთ, რადგან ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, ხვალ იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და ჭკუის სასწავლებელი აღიარების საგნად იქცევა, ვიდრე ყველა აღიარება, რომელიც აქამდე ყოფილა.

წიგნიდან "ფერთა გონი"

კატეგორია: სასიყვარულო, ისტორიები | ნანახია: 556 | დაამატა: lukito | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
რეკლამა

რეკლამა
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0